სიყვარულით, eZo.

წელს ეზო ფესტივალი 10 წლის ხდება. ბუნებრივია ვგეგმავდით, რომ სახლში, ჩვენსავე ეზოში, აღგვენიშნა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი, მაგრამ თბილისის მიწათსარგებლობის გენ. გეგმის მიხედვით, ჩვენი ფესტივალის ტერიტორია სატყეო ზონაში მოექცა, შესაბამისად იჯარის ხელშეკრულება აღარ გაგვიგრძელდა და ეზო ფესტივალის ჩატარებაზეც უარი გვითხრეს.
რაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაბადების დღეზე, სახლში მოგვეპატიჟებინეთ მაგრამ არ გამოვიდა.
დაუჯერებელია მაგრამ, ამ წერილს უკვე სივრცის დემონტაჟის ფონზე ვწერთ.
ეს პროცესი ემოციურად ისეთი რთული აღმოჩნდა, ცრემლების შეკავება აზრადაც არ მოგვსვლია.
ვიხსენებთ ყველას ვინც ეს ფესტივალი აქამდე მოიყვანა - კომუნის ყველა წევრს, მეგობრებს, ეზოს გულშემატკივრებს, სტუმრებსა და არტისტებს.
გახსენებაც კი რთულია ემოციურად; ამ 10 წლიან გზაზე რამდენი მეგობარი შევიძინეთ, რამდენ არტისტს ვუმასპინძლეთ, რამდენ დაუვიწყარ მთვარის ჩასვლასა და მზის ამოსვლას ვუყურეთ ერთად...
თუმცა ერთ კარგ ამბავსაც გეტყვით, მიუხედავად ემოციური, ფინანსური თუ მენტალური გამოწვევებისა, თავს უფლება ვერ მივეცით, კიდევ ერთხელ არ შევხვედროდით ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მაინც გიმზადებთ ბოლო, გამოსამშვიდობებელ ფესტივალს: Last Dance of eZo Festival
დაგემშვიდობებით ჩვენთვის სიმბოლურ ადგილას, იქ, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგით და სადაც ვიცით, რომ შევძლებთ შევქმნათ ის განწყობა, რომელიც ეზოზე გვხვდებოდა და გვძირავდა თავგადასავლების დიდ მორევში.
ამ რთული პერიოდის გადალახვაში, თქვენი მხარდაჭერა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ერთობა გვაძლევს ძალას ვიდგეთ ფეხზე და დაბრკოლებების მიუხედავად მაინც წინ ვიყუროთ. ყოველთვის დავრჩებით მადლიერები თქვენთან ერთად გატარებული დაუვიწყარი დღეების.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროცესმა ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემებს დაუდო სათავე. მომავალში გადასაჭრელმა ყველა საკითხმა ახლა, ამ მომენტში მოიყარა თავი. შესაბამისად ბოლო საფესტივალო დღეები და თქვენი მხარდაჭერა ამ მხრივაცაა მნიშვნელოვანი.
მართალია ეს ბოლო eZo ფესტივალი იქნება, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში კვლავ შევხვდებით eZo Club Night-ის ფორმატით რამდენიმე გამორჩეულ საკლუბო სივრცეში.
გვჯერა, ბოლო საფესტივალო დღეებით eZo-ს ცხოვრების მხოლოდ ერთი თავი სრულდება. ჯერ არ ვიცით ზუსტი გეგმა, არც ახალი ინსპირაციები მიგვიღია, თუმცა გვწამს რომ eZo აუცილებლად იპოვის ახალ სიცოცხლეს.
თქვენ კი გამოგვყევით ამ გზაზე, ჯერაც ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი და მოსაყოლი.
სიყვარულით,
eZo