თითქმის ერთი თვეა, უწყვეტად ვდგავართ საქართველოს მასშტაბით დაწყებულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც ვნახეთ არაერთი სასტიკი დარბევა, ადამიანების ცემა და დაკავება, დაშინება, გაუგონარი ფიზიკური ანგარიშსწორება.

საპროტესტო ტალღის დაწყებისთანავე ჩვენ შევაჩერეთ საახალწლო ფესტივალისთვის დაწყებული მზადება.

ვიტოვებდით იმედს, რომ სიტუაცია დასტაბილურდებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, უკვე ტრადიციად ქცეული eZo-ს ახალი წლის ფესტივალზე შევხვედროდით ერთმანეთს.

სამწუხაროდ, დღევანდელ ვითარებაში, შეუძლებლად მიგვაჩნია ამ ტიპის ღონისძიების გამართვა.

ახალი წელი ხომ ჯადოსნური, მხიარული, საზეიმო განწყობის მატარებელი ღამე უნდა იყოს?! ეს კი ამ მოცემულობაში შეუძლებელია. 

გარდა ამისა, მიგვაჩნია რომ ახლა არ არსებობს გარანტია, უსაფრთხო სივრცის იდეა დაცული იყოს ღონისძიებაზე, რაც ჩვენთვის ივენთის ჩატარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. 

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუქმოთ საახალწლო ფესტივალი. 

თუმცა, რადგან ჯერ-ჯერობით, როგორც ახლო, ისე შორი მომავალი ბუნდოვანია, საახალწლო ფესტივალის გაუქმება კი გვაყენებს ურთულეს ფინანსურ მოცემულობაში: თანამშრომლების ხელფასები, იჯარა, არტისტების ჰონორარები, სხვა ვალდებულებები და ა.შ - გვიწევს მოგმართოთ დონაციის თხოვნით.

იმედი გვაქვს, თქვენი დახმარებით ამ მძიმე დროს გადავაგორებთ, შევინარჩუნებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, რომელიც ჩვენი კომუნის უმეტესობისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა და რომელიც ახლა ნამდვილად დგას ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე. 

დონაციის გასამარტივებლად, გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ საახალწლო ფესტივალის ვირტუალური სახე და გთხოვოთ მასზე დასასწრები, ასევე ვირტუალური ბილეთების შეძენა.  გარდა ბილეთებისა, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი თანხის ჩარიცხვაც.

ასევე მსურველებს ჩვენი დახმარება Gofundme-ს ანგარიშზეც შეუძლიათ:
https://gofund.me/e3da0710

უკვე შეძენილი ბილეთების დაბრუნების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ შემდეგი კვირის განმავლობაში [email protected]ზე. ჩვენ გარკვეული პერიოდულობით შევძლებთ თანხის დაბრუნებას.

აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება საახალწლო ფესტივალის გაუქმების შესახებ, არაა კავშირში სცენის სხვა აქტორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, მათი სივრცეების გახსნასთან დაკავშირებით.

მთავარია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვაძლიერებთ ქართულ ელექტრონულ სცენას, ასევე ერთად ვდგავართ პროტესტის და გამოწვევების პირისპირ და ისე როგორც ადრე, გადავლახავთ ყველა იმ სირთულეს რომელიც წინ გვაქვს.

აქვე აუცილებლად გვინდა მოვუწოდოთ პასუხისმგებლობიან ბიზნესებს, დაუდგნენ ქართულ სცენას გვერდში! 

კრიზისებზე მიმართული ფონდების თუ ფინანსური დახმარების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ სოციალური წვლილი შეიტანოთ სცენის გადარჩენაში.

#თავისუფლებაუკანონოდაკავებულებს
#ვითხოვთვადამდელარჩევნებს

დონაცია